
შავი აკანტოზი (Acanthosis nigricans)
რა არის შავი აკანტოზი?
შავი აკანტოზი – ეს არის ენდოკრინოპათიებთან ასოცირებული კანის დაავადება, რომელსაც აქვს კეთილთვისებიანი ბუნება.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის, დაავადება ხშირად შეუღლებულია სიმსუქნესთან, შაქრიან დიაბეტთან და ინსულინრეზისტენტობასთან. იშვიათად დაავადების განვითარებას იწვევს სხვადასხვა სახის მედიკამენტები (ესტროგენები და ნიკოტინის მჟავა) და ავთვისებიანი სიმსივნეები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში დაავადებას აქვს მიდრეკილება გამონაყარის არეალის სწრაფად გაფართოებისაკენ.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• დაავადება გამოვლინდება კანის ნაოჭების არეში სიმეტრიულად განლაგებული მუქი შეფერილობის ხავერდისებური კერების სახით.
• გამონაყარი ასიმპტომურია.
• გამონაყარის ზედაპირი შესაძლოა იყოს გლუვი, ხავერდისებური ან მეჭეჭისებური.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა საზარდულის, იღლიის და მუცლის ქვემო ნაოჭები, ასევე არეოლები, პირის ირგვლივი მიდამო და თითების გვერდითა ზედაპირები, კისრის უკანა ზედაპირი.
• ხშირია დაავადების შეუღლება ჰიპერანდროგენული სინდრომის დამახასიათებელ კანის ცვლილებებთან.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
დაავადება გადამდები არ არის.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
თანმხლები დაავადების მკურნალობის შემთხვევაში დაავადება განკურნებადია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• ჰიგიენის წესების დაცვა და კანის მაცერაციის პრევენცია.
• თანმხლები დაავადების მკურნალობა.
• კანის დამარბილებელი საშუალებების გამოყენება.
ძიება ვებ-გვერდზე
შინაგანი დაავადებების გამოვლინება კანზე
